ჩემი წასვლა პოლიტიკიდან,
არ ნიშნავს ჩემს წასვლას ქვეყნიდან. მე არ გავურბივარ სირთულეებს, არ გავურბივარ პასუხისმგებლობას
ან დაპირებებს - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წავა იმ შემთხვევაში,
როდესაც დაინახავს, რომ მისი ყოფნის საჭიროება
აღარ იქნება.
„როცა არ იქნება
საჭიროება ჩემი პოლიტიკაში ყოფნის, უფრო და უფრო საჭირო პროცესებში ჩავერთვები. როდესაც
წასვლას გადავწყვეტ, ამის შესახებ, პირველ რიგში ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ, რომ
ჩემი გადაწყვეტილებით არაფერი დაზიანდება. თუ საზოგადოებაში კითხვები დარჩება; თუ იქნება საშიშროება
იმისა, რომ ქვეყანას ან მთავრობას ჩემი წასვლით რამე დაემართოს, მაშინ არ წავალ. მე
წავალ მაშინ, როცა დალაგებული სიტუაცია იქნება, როცა შფოთვა არ იქნება საზოგადოებაში",
- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერი რამდენიმე
დღეში გაავრცელებს წერილს, რომელშიც დეტალურად აღწერს იმ გეგმებს, რაც საპრეზიდენტო
არჩევნების შემდეგ აქვს დასახული. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება, ესტონური გაზეთის Postimees ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა. „მას
შემდეგ, როგორც კი სააკაშვილი გადადგება და საქართველოში საპრეზიდენტო
არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკიდან მალევე, სულ რამდენიმე დღეში წავალ. ჩვენ
კარგი გუნდი გვყავს, ძალიან საინტერესო საპრეზიდენტო კანდიდატი გვყავს,
შესანიშნავი პარლამენტის სპიკერი და მყავს კანდიდატურა, ვინც ჩემი პოსტის
დაკავებას შეძლებს. არ შეიძლება და ცუდია, როდესაც აქცენტი მუდმივად ერთ
კაცზე კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე უმაღლეს პოსტს
კეთილსინდისიერი ადამიანები - დემოკრატები დაიკავებენ. საჭიროა თავისუფალი
სასამართლო სისტემა და მედია. საჭიროა ახალი სისხლი", - განაცხადა
ივანიშვილმა.
|